2011 წლის სექტემბერში დაიწყო სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქ. თეთრიწყაროში, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკის (European Investment Bank, EIB) მიერ საქართველოს მთავრობისთვის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის დასაფინანსებლად გაცემული სესხით ხორციელდება.
როგორც პრაქტიკა აჩვენებს, სხვადასხვა სარეაბილიტაციო თუ სამშენებლო პროექტებს მოსახლეობა ხშირად უკავშირებს ისეთ მოლოდინებს, რომელსაც რეალურად პროექტი ვერ განახორციელებს. შედეგად, ხშირად ადგილი აქვს მოსახლეობის იმედგაცრუებას, რაც არცთუ იშვიათად მოსახლეობასა და პროექტის განმახორციელებლებს შორის კონფლიქტის, ან მოსახლეობის ფრუსტრაციის მიზეზი ხდება.
ამას განაპირობებს ერთის მხრივ ინფორმაციის დეფიციტი და მეორეს მხრივ, მოსახლეობის დაბალი სამოქალაქო აქტივობა, მოიპოვოს მეტი ინფორმაცია თუნდაც იმ პროექტის თაობაზე, რომლის ზეგავლენასაც განიცდის ან რომლის ბენეფიციარიც თავადაა.

ეს ვითარება ქმნის ადვოკატირების კამპანიის საჭიროებას, რომელიც ხორციელდება პროექტით „ადვოკატირება წყალზე ხელმისაწვდომობისთვის ქ.თეთრიწყაროში“ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციის“ (ACSDG) მიერ.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.

ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროექტის მიზნებია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას მიიღოს ინფორმაცია სასმელი წყლის სისტემის სარეაბლიტაციო პროექტზე და მისთვის საინტერესო და საჭირო სხვა თემებზეც. სახელმწიფო სტრუქტურებისა და მოსახლეობის აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობისა და EIB-ის პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი სარეაბილიტაციო პროექტის მაგალითზე. ამავე დროს, გააცნოს მოსახლეობას საქართველოს კონსტიტუციითა და EIB-ის პოლიტიკით მისთვის მინიჭებული უფლებები და ხელი შუწყოს მის რეალიზებას.
ხელი შეუწყოს სახელმწიფო სტრუქტურების ანგარიშვალდებულების ზრდას და მოსახლეობის ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტით დაგეგმილია:
• სარეაბილიტაციო პროექტის თაობაზე ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;
• ინფორმაციის გავრცელება;
• ლობირება.
დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში ასოციაცია გააცნობს ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს სხვა რეგიონებში განხორციელებული სასმელი წყლის სარეაბილიტაციო პროექტების შედეგებს, განახორციელებს სასმელი წყლის ხარისხის კვლევას და მის შედეგებს გააცნობს ადგილბრივ მოსახლეობას. მოსახლეობასთან პერმანენტული შეხვედრებით შეისწავლის მათ მოლოდინებს. გააცნობს თავის უფლებებს და დაიცავს მათ საჭიროების შემთხვევაში.
2012 წლის სექტემბერში პროექტის ფარგლებში გამოიცემა მონიტორინგის ანგარიში, სადაც აისახება კამპანიის წარმოებისას გამოვლენილი პრობლემური საკითხები, გადაიჭრა თუ არა და როგორ გადაიჭრა ისინი, რა სახის ღონისძიებების გატარება (პოლიტიკის, კანონმდებლობის ან პრაქტიკის შეცვლა) იქნება სასურველი მსგავსი პრობლემების მომავალში თავიდან ასარიდებლად და სხვა საკითხები.

პროექტის ბენეფიციარებს და დაინტერესებულ მოქალაქეებს ჩვენს აქტივობებში ჩართვა შეუძლიათ მათი განხორციელების ყველა ეტაპზე, ასევე, ინფორმაციის მიღება ჩვენი საქმიანობების თაობაზე და ჩვენს გეგმებზე შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:

ქ.თეთრიწყარო, 2300 მუსხელიშვილის ქ.N 11
ტელ: +995 790 223 583

ელ.ფოსტა: info@acsdg.ge; acsdg@caucasus.net;
ვებ-გვერდი www.acsdg.ge

მოგვაწოდეთ წინადადებები და რეკომენდაციები

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია
Association for Civil Society Development of Georgia (ACSDG)

 

უკან


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვებ-გვერდი მომზადებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.

ვებ-გვერდის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია და ის არ შეიძლება განხილულ იქნეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებათა ამსახველად.

 
  Copyright @ ACSDG 2011